წითელი ბარათები/საითინგები

ეტაპი 1: სადისციპლინო კომისია/ოფიცერი აფასებს დარღვევის სერიოზულობის დონეს (ქვედა ზღვარი, შუა ზღვარი, ზედა ზღვარი), შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით (იხილეთ რეგულაცია 17.18.1):

  1. იყო თუ არა დარღვევა წინასწარ განზრახული;
  2. იყო თუ არა დარღვევა გაუფრთხილებელი, ანუ მოთამაშემ იცოდა (ან უნდა სცოდნოდა), რომ არსებობდა უხეში თამაშის რისკი;
  3. ქმედებათა ბუნება, რაც გულისხმობს, თუ რა სახით, სხეულის რომელი ნაწილის გამოყენებით შესრულდა დარღვევა (მაგალითად: მუშტი, იდაყვი, მუხლი ან ფეხი);
  4. პროვოკაციის არსებობა;
  5. იმოქმედა თუ არა მოთამაშემ სამაგიეროს გადახდის მიზნით და ასეთი მოქმედების დროის შუალედი;
  6. იმოქმედა თუ არა მოთამაშემ თავდაცვის მიზნით (რაც გულისხმობს, გამოიყენა თუ არა მოთამაშემ თანაბარი ძალა თავის დასაცავად);
  7. რა ეფექტი მოახდინა დარღვევამ დაშავებულზე (მაგალითად: დაზიანების არსებობა, დაშავებულის გაყვანა თამაშიდან);
  8. რა გავლენა მოახდინა დარღვევამ მატჩზე;
  9. დაშავებულის მოწყვლადობის ხარისხი, რაც გულისხმობს, სხეულის რომელი ნაწილი დაუშავდა მას, როგორ პოზიციაში იმყოფებოდა და თავდაცვის რა შესაძლებლობა ჰქონდა;
  10. დარღვევაში ჩართულობისა და წინასწარი განზრახვის დონე;
  11. შესრულდა მოთამაშის ქმედება თუ მცდელობით შემოიფარგლა; და
  12. დარღვევასთან დაკავშირებული მოთამაშის ქცევის სხვა ნებისმიერი ასპექტი. 

ჩამოთვლილი გარემოებები და თანმიმდევრული მაგალითები დაგეხმარებათ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა შემთხვევის შეფასებაში.

სანქციების ცხრილში წესების ნუმერაციის და კატეგორიების მიხედვით, ხდება ქმედების (მაგალითად: მაღალი ბოჭვა, გაშლილი ხელით ბოჭვა და სხვა) სიმძიმის ე.წ. „საწყისი ზღვრის“ დადგენა. მაგალითად, შუბური ბოჭვისთვის (კანონი 9.13) „შუა ზღვარი“ არის 6 კვირა. სანქციების ცხრილი მოყვანილია დანართ 3-ში. ეს „საწყისი ზღვარი“ არის საწყისი სანქცია (კვირებით/მატჩებით გამოხატული) რომელიც შეიძლება საბოლოო სანქციამდე შემცირდეს და/ან გაიზარდოს პროცესის მე-2 და მე-3 ეტაპებზე. სანქციების ცხრილის შენიშვნაში აღნიშნულია, რომ თუ დარღვევის დროს მოხდა კონტაქტი დაშავებული მოთამაშის თავის არეში, „საწყისი ზღვარი“ სავალდებულოა, რომ იყოს „შუა ზღვარი“.

1-ელი ეტაპი არის პროცესის ერთადერთი ეტაპი, სადაც ხდება ინციდენტის განხილვა და შეფასება. შემდეგი ორი ეტაპი ავლენს დამატებით ფაქტორებს მოთამაშესთან მიმართებით, რომლებიც განსაზღვრავს სანქციის გაზრდის და/ან შემცირების შესაძლებლობას „საწყისი ზღვრიდან“.

ეტაპი 2: სადისციპლინო ოფიცერი/კომისია ამცირებს სანქციას შემამსუბუქებელი ფაქტორების გათვალისწინებით (შენიშვნა: ეს ფაქტორები არ ეხება გარემოებებს რომლებმაც განსაზღვრეს თავად თამაშის წესების დარღვევა (იხილეთ რეგულაცია 17.19.1)):

  1. დარღვევის გათვითცნობიერება მოთამაშის მხრიდან და აღიარების დრო;
  2. მოთამაშის სადისციპლინო ჩანაწერი;
  3. მოთამაშის ახალგაზრდა ასაკი და/ან გამოუცდელობა;
  4. მოთამაშის ქცევა სადისციპლინო სხდომამდე და სხდომის დროს
  5. მოთამაშის მხრიდან გამოხატული წუხილი დაშავებულის მიმართ და წუხილის გამოხატვის დრო; და
  6. სხვა ნებისმიერი დარღვევის შემდგომი შემამსუბუქებელი ფაქტორი, რომელსაც სადისციპლინო კომისია/ოფიცერი ჩათვლის მართებულად.

შემცირება გამოითვლება პროცენტულად 0%-დან 50% - ის ჩათვლით, ზემოაღნიშნულ ფაქტორების შეფასებაზე დაყრდნობით. (მაგალითად: ახალგაზრდა მოთამაშეს, უარყოფითი ისტორიით, რომელმაც მყისიერად აღიარა, მინდორზევე მოუბოდიშა დაშავებულ მოწინააღმდეგეს და შესაბამისად მოიქცა სადისციპლინო განხილვისას, შესაძლოა, სანქცია შეუმსუბუქდეს 50%-ით. გაითვალისწინეთ რომ, ეს მაგალითი მოყვანილია მხოლოდ თვალსაჩინოებისთვის). პროცენტულობის შესაბამისად მცირდება „საწყისი ზღვრით“ გათვალისწინებული სანქციის კვირების რაოდენობა. ეს ნიშნავს, რომ „შუბური ბოჭვის“ შუა ზღვრით დადგენილი 6 კვირა შემსუბუქდება 50%-ით და მოაკლდება სამი კვირა (ე.ი. 6 კვირის 50% არის 3 კვირა). 

არსებობს ერთი გამონაკლისის წესი, რომელიც აძლევს მოქნილობის საშუალებას სადისციპლინო ოფიცერს/კომისიას, „ქვედა ზღვრის“ შემთხვევების განხილვისას. როცა სადისციპლინო ოფიცერი/კომისია შემამსუბუქებელი ფაქტორების გამო, სანქციის შემცირების შემდეგ მიიჩნევს, რომ მიღებული სანქცია მაინც არაპროპორციულია დარღვევის დონისა და ტიპის გათვალისწინებით, სადისციპლინო ოფიცერს/კომისიას შეუძლია 50%-ზე მეტით შეამციროს სანქცია ან საერთოდ თავი შეიკავოს სანქცირებისგან. გაითვალისწინეთ, რომ ეს გამონაკლისი ეხება მხოლოდ „ქვედა ზღვრით“ შეფასებულ დარღვევის შემთხვევებს. (იხ. რეგულაცია 17.19.3).

ეტაპი 3: სადისციპლინო კომისია/ოფიცერი განსაზღვრავს, გაზარდოს თუ არა სანქცია, თუ ადგილი აქვს, ქვემოთ ჩამოთვლილ, რომელიმე დამამძიმებელ ფაქტორს (შენიშვნა: ეს ფაქტორები არ ეხება გარემოებებს, რომლებმაც განსაზღვრა თავად თამაშის წესების დაღვევა (იხ. რეგულაცია 17.20.1)):

  1. მოთამაშის, როგორც თამაშის წესების დამრღვევის სტატუსი;
  2. დარღვევებისგან თავშეკავების გაფრთხილება, სადაც მატჩში ან ტურნირში მონაწილე გუნდები გააფრთხილეს ასეთი საჭიროების არსებობის შესახებ; და
  3. სხვა ნებისმიერი დარღვევის შემდგომი დამამძიმებელი ფაქტორი, რომელსაც სადისციპლინო კომისია/ოფიცერი ჩათვლის მართებულად (ცუდი ქცევის ჩათვლით სადისციპლინო სხდომამდე და სხდომის დროს).

ზემოთ მოყვანილი მაგალითის დასასრულს, სადაც მოთამაშემ მიიღო 50%-იანი შემცირება 6-კვირიანი საწყისი ზღვრიდან, შემამსუბუქებელი ფაქტორების არსებობის გამო (6 კვირა მინუს 3 კვირა) და გაუხდა 3 კვირა, დამამძიმებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, მაგალითად, თუ მოთამაშეს აქვს ცუდი სადისციპლინო ისტორიის ჩანაწერი, შეიძლება გაიზარდოს, მაგალითად, ერთი კვირით და საბოლოო სანქცია გახდება 4 კვირა.

ეტაპი 4: ფინალური ეტაპი წარმოადგენს სადისციპლინო ოფიცრის/კომისიის მიერ სანქციის დასრულების თარიღის განსაზღვრას. 

სანქცირების პერიოდი იწყება დაუყოვნებლივ, მაგრამ აღნიშნული უნდა იყოს სანქცირების პერიოდში, თითოეულ კვირაში ჩასატარებელი ის მნიშვნელოვანი მატჩები, რომელშიც მოთამაშეს მონაწილეობა უნდა მიეღო. ეს ნიშნავს, რომ ოთხკვირიანი სანქცია შეიძლება გაგრძელდეს ოთხ კალენდარულ კვირაზე მეტხანს, რათა დაფაროს ოთხ მატჩში დისკვალიფიკაციის პერიოდი. ამ მიზნით, ყველა მატჩი თანაბარია (ეს არის მსოფლიო რაგბის მმართველი რეგულაციების ფუნდამენტური პრინციპი), თუ ის ლეგიტიმურია, აკმაყოფილებს მნიშვნელოვანი მატჩის კრიტერიუმებს და სხვა შემთხვევაში, მოთამაშე მასში მონაწილეობას მიიღებდა. ამ მიზნით განსხვავება არ არის, ეს მატჩი არის მსოფლიო თასის ფინალი თუ სეზონის წინა გასახურებელი მატჩი, იმ პირობით, რომ მოთამაშე ითამაშებდა და რომ სეზონის წინა მატჩი მნიშვნელოვანი მატჩია რეგულაციების მიზნებისათვის. სანქცირების პერიოდის განსაზღვრა შედარებით გართულებულია ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად: დასვენების კვირების დროს, როდესაც მოთამაშე ტრავმირებულია, ტურნირის ბოლოს, როდესაც თამაშის სტანდარტი არის საეჭვო (მაგალითად „ამხანაგური“) ან როდესაც სადისციპლინო განხილვის დროს გაურკვეველია ითამაშებს თუ არა მოთამაშის გუნდი შეჯიბრების პლეიოფებში (და ასეთი პლეიოფის მატჩები უნდა ჩაითვალოს სანქცირების პერიოდში). ზოგ შემთხვევაში, სადისციპლინო ოფიცერმა/კომისიამ უნდა შეისწავლოს მოთამაშის სათამაშო ცხრილი ან მოითხოვოს დამატებითი მტკიცებულებები იმ დაგეგმილი თამაშების შესახებ, რომელშიც მოთამაშეს უნდა მიეღო მონაწილეობა (იხ. რეგულაცია 17.21.2 და 17.21.3).

ფულადი ჯარიმები არ არის დაწესებული.